суббота, 5 декабря 2015 г.

понедельник, 16 ноября 2009 г.

დიდი იტალიელი სკულპტორი, ფერმწერი, არქიტექტორი, პოეტი, მოაზროვნე, რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი მიქელანჯელო ბუონაროტი დაიბადა 1475 წლის 6 მარტს ტოსკანიის პატარა ქალაქ კაპრეზეში. ბავშვობაში იზრდებოდა ფლორენციაში.

1488 წელს იგი იწყებს სწავლას დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში. ერთი წლის შემდეგ გადადის სკულპტორ ბერტოლდო დი ჯოვანოს სკოლაში. აქ იგი შეამჩნია მაშინდელი ფლორენციის ფაქტიურმა მმართველმა ლორენცო დე მედიჩიმ, რომლის სასახლეშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიქელანჯელო მედიჩის გარდაცვალებამდე (1492 წლამდე). შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში მამასთან და ძმებთან.
1496 წელს კარდინალმა რაფაელე რიარიომ შეიძინა მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება ”კუპიდონი” და ავტორი რომში მიიწვია სამუშაოდ.
ჩამოვთვლით მიქელანჯელოს ყველაზე ცნობილ ნაწარმოებთაგან რამდენიმეს:
მარმარილოს 5,17 მეტრიანი ქანდაკება ”დავითი” (1501 - 1504 წლები). სკულპტურა წარმოადგენს ბიბლიურ დავითს გოლიათთან შერკინების წინ. ქანდაკება დაიდგა ფლორენციის ერთ-ერთ მოედანზე და ითვლება არა მარტო აღორძინების ეპოქის, არამედ საერთოდ კაცობრიობის გენიის ნიმუშად.

პიეტა. ამ ქანდაკებით გამოსახულია ღვთისმშობელი, მუხლებზე დასვენებული გარდაცვლილი შვილის ცხედრით. ქანდაკება ინახება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში.
რომის პაპის, იულიუს II-ის დაკვეთით მიქელანჯელომ მოხატა სიქსტის კაპელა (15080-1512 წლები). ეს არის ბიბლიური ისტორია სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე და შეიცავს 300-ზე მეტ ფიგურას.
1534 - 1541 წლებში იმავე სიქსტის კაპელაში პაპის, პავლე III-ისათვის მიქელანჯელო ქმნის დრამატულ ფრესკას ”საშინელი სამსჯავრო”.
როგორც არქიტექტორის, მიქელანჯელოს შემოქმედების გვირგვინია  წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათის პროექტი, რომლის მშენებლობა მიქელანჯელოს გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ დამთავრდა. 
მიქელანჯელო გარდაიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს რომში, 89 წლის ასაკში. სიკვდილის წინ უკარნახა ანდერძი: ”სულს ვაბარებ ღმერთს, სხეულს მიწას, ქონებას ვუტოვებ ნათესავებს”.